ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ჟურნალ "Civicus"-ის მე-10 ნომრის პრეზენტაცია

შაბათს, 10 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესეების კონკურსის „ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. 

ღონისძიება  სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ გახსნა, რომელმაც ღირებულებებზე და მათ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა.

“სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის” ჟიურიმ კონკურსის სამი გამარჯვებული გამოავლინა. ესეების კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქეთევან გოლეთიანი, ხოლო მეორე და მესამე ადგილები კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, დავით ფარტენაძესა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტ ნანა ბაგალიშვილს ერგოთ.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის" ეგიდით გამოცემულ ჟურნალ "Civicus"- ის მეათე ნომერს.

ჟურნალის ახალი ნომერი რეგიონალური განვითარების თემას მიეძღვნა. სწორედ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი ინიციატივების წარმოჩენა და  თანაბარი რეგიონალური განვითარება ხდის დემოკრატიას ბევრად უფრო სრულყოფილს. აღნიშნული ნომერი ასევე მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალური განვითარების საკითხების ანალიზს სხვადასხვა პერსპექტივიდან.

ღონისძიების ბოლოს კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები, ხოლო პირველი სამი ადგილის მფლობელებმა კი მიიღეს გამარჯვებულთათვის განკუთვნილი სპეციალური პრიზები.

კონკურსი განხორციელდა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA) USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორციელებული პროგრამის "საარჩევნო პროცესების გაძლიერება" (SEP) ფარგლებში.​