,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023'' ფინალური ღონისძიებით დასრულდა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ფინალური ღონისძიებით დასრულდა.

პროექტი საქართველოს 7 რეგიონში: თბილისში, შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყო 10 უნივერსიტეტის 65 სტუდენტი. პროექტი უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება და სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვა. მიზნის მისაღევად მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ვორკშოფები, შემდგომ კი თავად განახორციელეს სამოქალაქო ჩართულობის პროექტები, რომელიც მათ პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარა.

ფინალურ ღონისძიებაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი სამოქალაქო ჩართულობის პროექტების მიზნები, განხორციელებული აქტივობები, შედეგები და ისაუბრეს მიღებული გამოცდილების შესახებ. პროექტების პრეზენტაციის შემდეგ კი მოეწყო პოსტერების ინტერაქციული გამოფენა, რომლის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას შეეძლო მონაწილეებთან გასაუბრება და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

სტუდენტების პროექტების სამუშაო თემატიკა ადგილობრივ სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებულია და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სათემო აქტივიზმის განვითარება, ევროპული ინტეგრაცია,  ადამიანის უფლებები და მისი დაცვის მექანიზმები, გენდერული თანასწორობა, შრომითი უფლებები, კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკული მეთოდები, ახალგაზრდების ინფორმირება არაფორმალური განათლების შესახებ ა.შ.

სამოქალაქო ჩართულობის პროექტების ფარგლებში ჩატარდა ათეულობით ტრენინგი, რომელსაც უმეტესად თავად სტუდენტები უძღვებოდნენ და ამას გარდა, შეხვედრებზე მოწვეული ჰყავდათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, იურისტები, მკვლევრები და ა.შ. პროექტების ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, სხვადასხვა ორგანიზაციის ბენეფიციარებს, ახალგაზრდებს და გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთი პროექტების თემატიკის შესახებ.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.