„ახალგაზრდული რეგიონალური ინიციატივები“ - მორიგი შეხვედრა სერიიდან „დიალოგები დემოკრატიაზე“

7 ივნისს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი შეხვედრა სერიიდან „დიალოგები დემოკრატიაზე“. სამუშაო თემა იყო „ახალგაზრდული რეგიონალური ინიციატივები“. მოხსენება გააკეთეს ნანა ბაგალაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ წარმომადგენელმა და არინა თავაქარაშვილმა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ წევრმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლის განხორციელება შესაძლებელია ახალგაზრდების გაერთიანების შემთხვევაში.

ნანა ბაგალაშვილმა ისაუბრა წნორში ახალგაზრდების ჯგუფის მიერ განხორციელებულ პროექტებზე: ფესტივალ „ქიზიყურ გაზაფხულზე“, არტ-კაფეზე  და ადგილობრივ დონეზე ფინანსური და ადამიანური რესურსების მოძიების შესაძლებლობებზე.

არინა თავაქარაშვილი შეეხო კონფლიქტისპირა რეგიონში ახალგაზრდების გააქტიურებას და სოლიდარობის კამპანიას, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად არაერთგზის განხორციელდა.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა კახა ურიადმყოფელი „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ წევრი.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია, რომელმაც გამოკვეთა რეგიონებს შორის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.

ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.