ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განახორციელეს პროექტი ,,რატომ ევროკავშირი?''

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის ფარგლებში’’ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: სალომე ფუტკარაძემ, თამთა პაქსაძემ და გიორგი ობოლაძემ წარმატებით განახორციელეს პროექტი "რატომ ევროკავშირი?"

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: ევროკავშირის დაარსების ისტორია და მიზანი, ევროკავშირის ღირებულებები, რა სიკეთეები აქვს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირთან დაკავშირებული მითები და რეალობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა და ა.შ.

ტრენინგები ჩატარდა ქედის მუნიციპალიტეტის სათემო განათლების ცენტრსა და ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში. ტრენინგებს უძღვებოდნენ შემდეგი მოწვეული სტუმრები:

მალხაზ ჭკადუა-,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს’’ წარმომადგენელი;

ლაშა ბაჟუნაიშვილი-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

პროექტის ფარგლებში ავტორებმა ასევე დაარიგეს საინფორმაციო სახის ფლაერები და სტიკერები ევროკავშირის შესახებ. 

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.