თბილისში წარმატებით განხორციელდა პროექტი “არაფორმალური განათლების რესურსებზე ხელმისაწვდომობა ეთნიკურ უმცირესობათა ქალებისთვის”

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თამარ ჯახუამ, მარიტა ხარშილაძემ და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ჰასმიკ პეტროსიანმა წარმატებით განახორციელეს პროექტი “არაფორმალური განათლების რესურსებზე ხელმისაწვდომობა ეთნიკურ უმცირესობათა ქალებისთვის”.

პროექტი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონების ცნობიერების ამაღლებას არაფორმალური განათლებისა და იმ საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, რომელიც მათ დაეხმარება საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციასა და სხვადსხვა ტრანსფერული უნარის განვითარებაში.

მიზნის მისაღწევად ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: არაფორმალური განათლების არსი, მიზანი და მნიშვნელობა, არაფორმალური განათლების მიღების გზები და მისი როლი ტრანსფერული უნარების განვითარებაში, პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამები ეთნიკური უმცირესობებისთვის და ა.შ.

თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოებს, რომელიც მონაწილეებს თეორიული მასალის უკეთ გაანალიზებასა და რეფლექსიაში ეხმარებოდა.

ტრენინგებს უძღვებოდნენ შემდეგი მოწვეული სტუმრები:

მურად მურადოვი-,,ა(ა)იპ საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის’’ დირექტორი;
აითაჯ ხალილი-ორგანიზაცია ,,სალამის’’ წარმომადგენელი;
ზუკა სამხარაძე-,,სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR)’’ ტრენერი;
ლიანა მარქარიანი-მედიაფსიქოლოგი, ჟურნალისტი, მკვლევარი;
თაია წიკალური-პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი.

პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ვიდეოების კონკურსი, მონაწილეებმა ჩაწერეს ვიდეოები არაფორმალური განათლების შესახებ. ვიდეოკონკურსში გამარჯვებულებს პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მადლობას ვუხდით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს (TDI), რომელმაც წიგნები გამოყო მონაწილეებისთვის, ასევე Chocoloco-ს, დორა-დორასა და Matata-ს, რომელთა დახმარებითაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ მონაწილეებს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100093352279218

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.