ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განახორციელეს პროექტი ,,გახდი აქტიური მოქალაქე საკუთარ თემში''

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: მეგი ფიფიამ, იკა ბოხუამ და დიმიტრი ძიმცეიშვილმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,გახდი აქტიური მოქალაქე საკუთარ თემში’’.

პროექტის ფარგლებში ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტიური მოქალაქის მახასიათებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები და უფლებამოსილებები, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები და ა.შ.

პროექტის ავტორებთან ერთად ტრენინგებს უძღვებოდნენ:

მარიამ სიჭინავა-სამოქალაქო აქტივისტი;

არჩილ თოდუა- ,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს’’ ზუგდიდის ოფისის რეგიონული კოორდინატორი.

ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში პროექტის მონაწილეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ესტუმრნენ. ამ შეხვედრას ბელა მოსია-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უძღვებოდა.

თითოეული შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეები განიხილავდნენ ადგილობრივ მაგალითებს, რაც მათ თეორიული მასალის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარა.

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერგის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.