ზუგდიდში დაიწყო პროექტის ,,გახდი აქტიური მოქალაქე შენს თემში'' განხორციელება

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: მეგი ფიფია, იკა ბოხუა და დიმიტრი ძიმცეიშვილი ახორციელებენ პროექტს ,,გახდი აქტიური მოქალაქე საკუთარ თემში’’.

პროექტის პირველი აქტივობის ფარგლებში ავტორების ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა ბელა მოსია-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს: აქტიური მოქალაქის მახასიათებლები, საკრებულოს სტრუქტურა, მუშაობის პრინციპები და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.