საუკეთესო სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა

30 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქმედო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების მიზანი სტუდენტების მიერ სალექციო კურსის ფარგლებში შესრულებული პროექტების წარმოდგენა და ახალ სტუდენტებთან ამ გამოცდილების გაზიარება იყო.

სტუდენტური პროექტების თემატიკა მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: საგზაო უსაფრთხოება, ბავშვთა უფლებები, სოციალურად გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ხანდაზმულთა პრობლემები, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა სტუდენტებში, შშმ პირთა უფლებები და ა.შ.

სტუდენტური პროექტების ძირითად მიზანს საკუთარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტივობის ამაღლება და ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენდა. სამოქმედო პროექტების განხორციელების ფარგლებში სტუდენტებს აქტიური  თანამშრომლობა მოუწიათ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"(CELA) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.