მრგვალი მაგიდა სამოქალაქო განათლების სწავლების პრობლემატიკასთან დაკავშირებით

11 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართა ყოველწლიური მრგვალი მაგიდა სამოქალაქო განათლების სწავლების პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, IFES საქართველოს, PH international-ის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების და სხვა აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, ევროპისა და ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა ბეატა მარტინ როზუმილოვიჩმა ისაუბრა სამოქალაქო განათლების სწავლების საჭიროებასა და მის უცილებლობაზე სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცეში და აღნიშნა, რომ საქართველო სამოქალაქო განათლების კუთხით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ირმა ხომერიკმა დამსწრე სტუმრებს გააცნო სამოქალაქო განათლების ჯგუფის მუშაობის ძირითადი მიმართულებები. მან ასევე ისაუბრა პედაგოგთა მხარდაჭერაზე, რომლის ფარგლებში უკვე შეიქმნა სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, ასევე  დამხმარე სასწავლო მასალა და კრებული პედაგოგთათვის -„როგორ მოვემზადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის.“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2015 წლიდან საქართველოს რიგ უნივერსიტეტებში აბიტურიენტებისათვის არჩევით საგანთა ნუსხას დაემტა სამოქალაქო განათლების საგანი. გასულ წელს დარეგისტრირებულთა 84%-მა წარმატებით გადალახა სავალდებულო ზღვარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განყოფილების წარმომადგენელმა, ქალბატონმა რუსუდან თევზაძემ მომავალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ შესახებ ისაუბრა, რომელიც გათვლილია საქართველოს სკოლების მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის. ქალბატონი რუსუდანის განცხადებით, საგნის მიზანია დაეხმაროს პატარებს საკუთარი თავის პიროვნულ აღქმაში, შესძინოს მათ საბაზისო ცოდნა მშობლიური გარემოს შესახებ. მისი თქმით, საგანს „მე და საზოგადოება“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც ზოგადი განათლების, ასევე ეროვნული მიზნების განხორციელებაში.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია სამოქალაქო განათლების სწავლების პრობლემატიკსათან დაკავშირებით, ხოლო აღნიშნული შეხვედრა შეაჯამა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მეტად მნიშვნელოვანია, მომავალშიც კვლავ გაგრძელდეს სამოქალაქო განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს შორის მიღწეული გამოცდილების გაზიარება და მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის" მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.