ჟურნალ "სამოქალაქო განათლების მიმოხილვის" პრეზენტაცია გაიმართა

30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში სამეცნიერო ჟურნალის „სამოქალაქო განათლების მიმოხილვის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც  უნივერსიტეტის სტუდენტები, პუბლიკაციათა ავტორები და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.

ჟურნალის რედაქტორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ დამსწრე საზოგადოების წინაშე ჟურნალის სამეცნიერო მნიშვნელობისა და მისი დანიშნულების შესახებ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. აღნიშნა, რომ „სამოქალაქო განათლების გზამკვლევი“ ფაქტობრივად  სამოქალაქო განათლების სივრცეში პირველი აკადემიური ჟურნალია, რომლითაც მკვლევრებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩართულნი აღმოჩნდნენ სამეცნიერო საქმიანობაში და საკუთარი კვლევის შედეგები მკითხველთა ფართო აკადემიურ წრეს გააცნონ. როგორც ჟურნალის რედაქტორმა განაცხადა, სამოქალაქო განათლების მთავარი მიზანი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. აქტიური მოქალაქეობა არა მხოლოდ პოლიტიკური მონაწილეობით, არამედ საზოგადოებისათვის საკუთარი სამსახურის გაწევითაც არის შესაძლებელი, რაც საგანმანათლებლო საქმიანობითა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობით და მოქალაქეთა ინფორმირებულობით გამოიხატება.

„სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში  მეტად მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა საკუთარი კვლევის შედეგები ავტორიტეტულ ჟურნალში განათავსოს“-განაცხადა მან. ჟურნალში განთავსებამდე სტატია  შესაბამის რეცენზირებას გადის, რაც რა თქმა უნდა ჟურნალის მაღალ ხარისხს განაპირობებს, ხოლო სტატიის მიღების კრიტერიუმები პუბლიკაციის ხარისხსა და აკადემიურ მნიშვნელობას ეფუძნება“-აღნიშნა მალხაზ მაცაბერიძემ.

პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ჟურნალის სტატიის ავტორები და აუდიტორიას საკუთარი კვლევის შედეგები წარმოუდგინეს. „სამოქალაქო განათლების მიმოხილვის“ პირველი ნომერი პუბლიკაციათა თემატიკის მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა და  ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა: ხელისუფლების დანაწილება და ბალანსის პრინციპის მნიშვნელობა, არჩევნები და საარჩევნო სისტემები, ელექტრონული მმართველობა ადგილობრივ თვითმმართველობებში,  ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში და ა.შ

სამეცნიერო ჟურნალის პრეზენტაციის ბოლოს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დირექტორმა თამარ ქარაიამ საუნივერსიტეტო სივრცეში სამეცნიერო ჟურნალის არსებობის საჭიროების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სამოქალაქო განათლების ჟურნალის გამოცემა კვლავ გაგრძელდება და რომ იგი აუცილებლად შეინარჩუნებს მაღალ სამეცნიერო ხარისხს და არაერთი საინტერესო, სამეცნიერო პუბლიკაციის გაცნობის საშუალება მიეცემა აკადემიურ ქართველ მკითხველს.

CELA-ს დირექტორმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, ჟურნალის პუბლიკაციათა ავტორებს, ასევე  უცხოელ დონორებს და აღნიშნა, რომ სამეცნიერო ნაშრომის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID-ის) მეშვეობით პროექტის საარჩევნო პროცესების გაძლიერება (SEP-ის) ფარგლებში, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES-ის) მიერ ხორციელდება.