"CIVICUS"-ის მეთერთმეტე ნომერში საუბარია ღირებულებათა ტრანსფორმაციის პროცესზე, როგორც თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევაზე. აქ გაეცნობით იმ დაბრკოლებათა ჯაჭვს, რომელიც გარდაქმნების თანმდევი გახდა როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და კულტურულ სფეროში. ნომერში საუბარია გარდაქმნების აუცილებლობაზე, მის უპირატესობასა და სარგებელზე, როგორც პროგრესის განმსაზღვრელ ინდიკატორზე. ასევე, იმ გვერდით მოვლენებზე, რასაც ეს პროცესი წარმოშობს. ავტორები ცდილობენ, პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: რა მოაქვს საზოგადოებისთვის ღირებულებათა ცვალებადობას? როგორ ეგუება მოსახლეობა ამ პროცესს? საიდან მოდის ცვლილების სურვილი? როგორ აისახება ეს პროცესი პოლიტიკური ინსტიტუტების განმტკიცება-დახვეწაზე? როგორ იცვლება საზოგადოებრივი განწყობები ამის პარალელურად?

"CIVICUS"-ის მეათე ნომერში საუბარია რეგიონალურ განვითარებაზე, როგორც სახელმწიფოს ძლიერების განმსაზღვრელ ფაქტროზე. აქ გაეცნობით იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის პერიფერიულ ნაწილში არსებობს და რომელთა გადაჭრა-მოგვარებაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. “CIVCUS”-is ავტორები მოგვითხრობენ რეგიონებში მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე, იქ არსებულ პრობლემებსა და სიტუაციაზე.
გარდა ამისა, ნომერში საუბარია ადგილობრივ თვითმმართველობაზე, მის არსსა და მნიშვნელობაზე და, ამ კუთხით, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ავტორები ცდილობენ, პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: რა არის თვითმმართველობა? რა როლი აქვს მას ქვეყნის დემოკრატიულად გარდაქმნის პროცესში? რა დაბრკოლებები ხვდება მას და როგორ შეიძლება მათი მოგვარება?

„CIVICUS”-ის მეცხრე ნომერი მშვიდობაზეა. აქ წაიკითხავთ ინტერვიუს ნინო ნანიტაშვილთან, ახალგაზრდა მეცნიერთან, რომელმაც Google-ს დეველოპერთა ჯგუფთან თანამშრომლობით შექმნა ინტელექტუალური თამაში, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის ემოციების გაღვივებას კონფლიქტურ რეგიონებს შორის. ნომერში ასევე იხილავთ სტატიებს ნობელის მშვიდობის პრემიის პირველ ქალ ლაურეატზე, გაეცნობით „პაციფისტი პარლამენტარის ტრაგედიას“ - კარლ ლიბკნეხტის პორტრეტს, კინოფილმ „ოცეულს“ და ერნსტ ჰემინგუეის მიერ გადმოცემულ მშვიდობის იდეას.
ნომერში ბალჯიტ სინგ გრევოლის სტატიის სახით იპოვით პასუხს შემდეგ კითხვებზე: რას გულისხმობს გალტუნგისეული მშვიდობის ნეგატიური და პოზიტიური კონცეფცია? რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? ჟურნალში ასევე წაიკითხავთ თუ როგორ იქცა ქუჩაში დადგმული ფორტეპიანო მშვიდობის სიმბოლოდ უკრაინაში.

„CIVICUS”-ის მერვე ნომერი ევროპაზეა. ავტორები ევროპულ საზოგადოებაზე, მის ძირითად გამოწვევებზე, განათლებაზე, ახალგაზრდულ საკითხებზე, კულტურასა და პოლიტიკაზე მსჯელობენ. რა განსხვავებაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ევროპასა და საქართველოს შორის? რა სიტუაციაა ამ კუთხით თბილისში? გადის თუ არა ევროპა ისლამიზაციისთვის მოსამზადებელ ეტაპს? არის თუ არა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე რეალური? ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხებსაც ამ ნომერში იხილავთ.
ჟურნალში ასევე წაიკითხავთ მიშელ უელბეკის რომანის „მორჩილების“ და ფედერიკო ფელინის „დიადი სილამაზის“ განხილვას, გაეცნობით ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებას და ევროპული საუნივერსიტეტო ცხოვრების ძირითად მიმართულებებს.

Civicus-ის მეშვიდე ნომერი გენდერულ თემატიკას ეხება. აქ წაიკითხავთ კატო მიქელაძის სიტყვას, რომლის წარმოთქმის შესაძლებლობა მას ეროვნულ ყრილობაზე არ მისცეს. ასევე, გაეცნობით სტატიებს საქართველოში ქალთა მოძრაობებზე, ემანსიპაციაზე, ოჯახურ ძალადობაზე, ქალის საზოგადოებრივ როლზე. ავტორები შეეცდებიან პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: რა კავშირი შეიძლება იყოს საბავშვო ბაღებსა და ქალთა ემანსიპაციას შორის? რა კავშირშია სქესი პროფესიულ არჩევანთან? არის თუ არა ქართველი ქალი ,,განდეგილი“? შესაძლოა თუ არა ქალები კვლავ უუფლებონი აღმოჩდნენ?
ნომერში ასევე გაეცნობით მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნის“ განხილვას და ინტერვიუს ნინო ბექიშვილთან, რომელიც სვეტლანა ალექსეევიჩის „ჩერნობილის ლოცვაზე“ გვესაუბრება. ალექსეევიჩი მე-14 ქალი მწერალია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო.