კონფერენცია თემაზე: “მოქალაქე და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში დამოუკიდებლობიდან 23 წლის შემდეგ”

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოქალაქეთა სამოქალაქო-პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად შეფასდა, ხოლო პოლიტიკური კულტურის განვითარება საზოგადოებრივი წინსვლის წინაპირობად გამოცხადდა, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 23 წლის მანძილზე რა შეიცვალა ამ მიმართულებით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიღწევად და რა რჩება გამოწვევად. 

სწორედ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად 2014 წლის 21 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის” (CELA) ორგანიზებით გაიმართული კონფერენცია თემაზე: “მოქალაქე და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში დამოუკიდებლობიდან 23 წლის შემდეგ”, სადაც მონაწილეობა მიიღეს CELA-ს წევრებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და მოწვეულმა სტუმრებმა.

კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობიდან 23 წლის მანძილზე სამოქალაქო-პოლიტიკური კულტურის ტრანსფორმაციის სხვადასხვა ასპექტები. მოხსენებები შეეხებოდა სოციალური კაპიტალის ფორმირებას და მის როლს საქართველოში მოხალისეობის კულტურის ჩამოყალიბებაში, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოსა და სოციალური კეთილდღეობის საზოგადოების ურთიერთმიმართების უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოში სოციალური პოლიტიკის ასპექტები და ბოლო წლებში, აღნიშნულ სფეროში მიღწეული წარმატებები. სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულების საკითხი განსაკუთრებით მძაფრდება კონფლიქტისპირა რეგიონებში, მცოცავი ანექსიის შედეგად, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის არსებულ მდგომარეობის შეფასებისას, მომხსენებლებმა ვერც ამ თემას აუარეს გვერდი.

კონფერენციის მონაწილეთა შორის მწვავე დისკუსია გამოიწვია საქართველოში ქალთა პოლიტიკური აქტივობისა და მათი ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩართულობის საკითხმა. პრობლემის დაძლევის რეკომენდაციებს შორის დეტალურად იქნა განხილული კვოტირების, როგორც ქალთა რაოდენობრივი ზრდის ხელშემწყობი მექანიზმის დადებითი და ნაკლოვანი მხარეები, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება იმუშაოს სავალდებულო კვოტირებამ საქართველოში და რა პრობლემები შესაძლოა წარმოიშვას მისი შემოღების შემთხვევაში.  

აღნიშნული კონფერენციის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით საარჩევნო პროცესების გაძლიერების (SEP)  პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES).