დისკუსია თემაზე "ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხები საქართველოში"

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია  (CELA) აგრძელებს დისკუსიათა სერიას "დიალოგები დემოკრატიაზე", რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას და სადისკუსიო სივრცის შექმნას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 23 დეკემბერს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა რიგით მეორე დისკუსია, რომელიც მიეძღვნა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს.

დისკუსიას უძღვებოდნენ  კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზურაბ ჯიბღაშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე. აღნიშნულ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა.

დისკუსია შეეხო როგორც ზოგად, ისე კონკრეტულ და პრაქტიკულ საკითხებს. განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის როლი, მისი ადგილი და მნიშვნელობა სახელმწიფოში. გაკეთდა აქცენტები იმაზე, რომ მოქალაქეებში არაა სათანადოდ გაცნობიერებული ამ ინსტიტუტის არსი და ფუნქციები. ხშირად მოქალაქეები ისე მიდიან არჩევნებზე, რომ არც კი იციან რა უფლებამოსილებების მატარებელ ორგანოს თუ თანამდებობის პირს ირჩევენ.

საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის უკანასკნელ რეფორმას, მის ძირეულ სიახლეებსა და პრობლემურ საკითხებს.

სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე კონკურსებმა. ამ თემასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ადგილობრივ დონეზე ყოველთვის იყო და არის ნეპოტიზმის მაღალი დონე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევების მიხედვით, ხშირად გვაქვს სახეზე პოლიტიკური ნიშნით თვითმმართველობების მოხელეთა განთავისუფლება/დაკომპლექტება.

სტუდენტების ინტერესი გამოიწვია ასევე იმ საკითხმა, თუ როგორ შეუძლიათ მათ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ამასთან მიმართებაში აღინიშნა, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხის დარეგულირების მიზნით განცხადებით მიმართონ ორგანოს და ამით აიძულონ ის გახდეს ქმედითი. მათ ასევე შეუძლიათ დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ადგილობრივი მონიტორინგისა თუ საკონსულტაციო საბჭოების /საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაში.

აღნიშნული დისკუსიის ვიდეოჩანაწერი უახლოეს მომავალში აიტვირთება CELA-ს ვებგვერდზე. მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი დისკუსიის გამართვა, რის შესახებაც ინფორმაციას CELA-ს ვებგვერდის და Facebook გვერდის საშუალებით მიიღებთ.