ჟურნალ CIVICUS პრეზენტაცია

2014 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ახალი პროექტის, ჟურნალ „civicus”-ის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე ჟურნალის შესახებ ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა, თამარ ქარაიამ, ჟურნალის დიზაინერმა, მარეხ გორგილაძემ და ჟურნალის რედაქტორმა, გიორგი ლოლაშვილმა.

როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, ჟურნალის შექმნის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოქალაქეთა ინფორმირების გზით ისეთ საკითხებზე აქცენტირებით, როგორიცაა დემოკრატიის ძირითადი პრინციპები და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, ადამიანთა უფლებები და ვალდებულებები, სამოქალაქო განათლების სწავლების მიღწევები და გამოწვევები; სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის სტრატეგიები და  მოქალაქეთა ჩართულობის სუკეთესო გამოცდილების მაგალითები. CIVICUS- ის სარედაქციო ჯგუფი ეცდება გაგაცნოთ ის ადამიანები, როგორც თანამედროვეობიდან ასევე წარსულიდან, რომელთაც სცადეს შეეცვალათ არსებული საზოგადოებრივი „წესრიგი“.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო “civicus”-ის პირველი ნომერი, რომელიც მოხალისეობის თემატიკას ეხება. ნომერში მიმოხილულია საქართველოში მოხალისეობის მდგომარეობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მოხალისეობის ეკონომიკური ღირებულება და მისი წვლილი სახელმწიფოს მთლიან შიდა პროდუქციაში. ჟურნალი ასევე გაგაცნობთ მოხალისეებს და მათი საქმიანობის შედეგებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნული ჟურნალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით საარჩევნო პროცესების გაძლიერების (SEP)  პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES).

ჟურნალი “civicus” პერიოდული ონლაინ გამოცემაა, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე - http://issuu.com/cela.ge